Foto

დავით ჯელაძე - ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა და გადარჩენილი ადამიანები გაგვანადგურა

ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები, - ასე გამოეხმაურა შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. 

ჯელაძე ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ სურს, გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია, რაც შოვში ხდებოდა.

"ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველდღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა. ყველაფერი, თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

საერთოდ არაფერი რომ არ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ, შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა", - განაცხადა დავით ჯელაძემ "ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, რომელიც ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი გადარჩენილის, დავით ჯელაძის ისტორიას, გაუგებარია, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა".

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ს კი ამ დრომდე ეძებენ.