Foto

კობახიძე შოვზე - სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა

პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა, - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც შოვის სტიქიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებზე საუბრობდა. 

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები არ შეჩერებულა და გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის.

"სამუშაოები არ შეჩერებულა. სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის... პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ამ დროის მონაცემებით სტიქიის შედეგად 26 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია, 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები კი კვლავ მიმდინარეობს.