Foto

თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება განიხილება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბარია, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე. 

აღნიშნულ საკითხზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა.

"არაფერი მსგავსი. ეს ასე არ არის",- განაცხადა კირბიმ, რომლის თქმითაც, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს, გახდეს ნატოს წევრი, რაც ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამაც დაადასტურა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

სტიან იენსენის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  "აბსოლუტურად მიუღებლად" მიიჩნია.

მოგვიანებით, იენსენმა საკუთარ განცხადებას შეცდომა უწოდა.