Foto

სარჯველაძე - არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება - პატიებას ვითხოვთ

ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ,- ასე განმარტა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საკუთარი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები.

როგორც სარჯველაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, "არასწორი აღქმები" და "არასწორი შთაბეჭდილებები" "კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზებმა" გამოიწვია.

"მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ არასრწორ შთაბეჭდილებებს და არასწორ აღქმებს. ის რაც თქვა გუშინ ირაკლიმ [კობახიძე], აბსოლუტურად სწორი იყო...  არავის არ გვქონდა არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არსდროს სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუართდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ, არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ, თუკი ვინმეს ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ",- აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, რომელიც ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი გადარჩენილის, დავით ჯელაძის ისტორიას, გაუგებარი იყო, რატომ გახდა საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა". 

ირაკლი კობახიძის აზრს იზიარებდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც, მათ შორის იყო მიხეილ სარჯველაძეც.

აღსანიშნავია, რომ კობახიძის ამ განცხადებას იმავე დღესვე გამოეხმაურა სტიქიურ უბედურებას გადარჩენილი დავით ჯელაძე და თქვა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გადარჩენილებს შეურაცხყოფა მიაყენა.

გუშინ, 16 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთხელ ჩავიდა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის დროს აღნიშნა, რომ დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა ისტორია, რომელიც შოვში გადახდათ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "გამოხატავს სინანულს", რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".