Foto

აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

ბელარუსში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირი ბელარუსის საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ბელარუსიდან გამგზავრება შეიზღუდება.

„18 აგვისტოს, ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან საზღვარზე ორი სასაზღვრო პუნქტი დახურა. ოთხი სასაზღვრო პუნქტი ამჟამად ღიაა. პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვრის შემდგომი ჩაკეტვა შესაძლებელია.

ბელარუსში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ [ქვეყნის ტერიტორია]. განიხილეთ გამგზავრება ლიეტუვასა და ლატვიასთან დარჩენილი სასაზღვრო პუნქტების გავლით ან თვითმფრინავით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი 18 აგვისტოს ჩაკეტა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსთან საზღვარი სრულად ჩაიკეტოს.