Foto

პაპუაშვილი - ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა არის ერთიანი ორგანიზმი და თუ გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ

ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე.  საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია  რეკომენდაციები შეასრულოს და რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

„ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი.

სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან სათანადო   შეფასება საკითხების",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვისაც მიუღებელია ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების.

„ვფიქრობ, რომ მთავარია რაც არის,  მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის მხრივ. ამავე დროს, ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის სამწუხაროდ საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და სამწუხაროდ ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან და ევროპელი პოლიტიკოსისგან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის  ასეთი დამოკიდებულება. რაც შეეხება გამიჯვნას ხალხისა და  ხელისუფლების, ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუ კი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.