Foto

ბორელი - უეჭველია, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება

უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველომ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს.

"მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და ეს გზავნილი პირადად ჩამომეტანა ქართველის ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება - 80% პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია, ძალიან მიხარია, ბევრი ევროპული დროშა რომ ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში...

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობასაც. ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა.

რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელშიც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა აქცენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე, რაც გაერთიანებული ძალებით მიიღწევა",- მიმართა ბორელმა ღარიბაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

შეხვედრა დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთანაც.