Foto

ვაშაძე ღარიბაშვილს - ინამუსე და წადი, შეეშვი საქართველოს

მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს - ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

"გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, რა დონეზეა გახრწნილი სისტემა. გახრწნილობის პიკი შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როცა შოვის ტრაგედიაში, მძიმე ვითარებაში იყვნენ.

მეგობრებო, ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი დღეს არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა. "ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ხალხი. მთავარია, იყავით ჩემი ერთგულები, მთავარია, რუსული დავალებები შეასრულოთ" - ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ.

15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი ან წიგნები. პრემიერ-მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ სპეცრეისებით გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში არის. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც იზრდება. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ - აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ-მინისტრის მეუღლე?! შვილი სპეცრეისით უნდა წაიყვანო, აბა, ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი?! ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი. ცალ-ცალი "კალოშით" მოსული ადამიანები დაეპატრონენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე... მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.