Foto

ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანმა მხარეებს მოუწოდა, არ მოახდინოს რუსეთის „მარგინალიზება“ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების აღდგენას.

თურქეთის პრეზიდენტს არ დაუსახელებია შეხვედრის კონკრეტული ადგილი და თარიღი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტს სოჭში „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ სასაუბროდ შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიზანი შეთანხმების აღდგენა იყო, თუმცა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.