პარტია "ლელო საქართველოსთვის" სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, საქმე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობას ეხება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ საჭიროა, პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. გუშინ, მთავრობის წევრები და რუსული ოცნების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ თითქოს, პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. არ წარმოადგენს იმიტომ, რომ თანხები, რომელიც ამაში დაიხარჯა, არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ეს თანხები არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული, მაშინ საქმე გვაქვს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ დღეს ჩვენ ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტით სარგებლობას.
მე მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს ოფიციალურად მივმართავ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. მას გაეგზავნება შეკითხვები და ის ვალდებულია, რომ ამ შეკითხვებზე გაგვცეს პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას; გვაინტერესებს, პირველად მოხდა თუ გასული 5 წლის განმავლობაში იყო სხვა შემთხვევები, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის; გვაინტერესებს, ვინ გადაიხადა ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ღირებულება ანუ ვინ არის ის პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ქრთამი შესთავაზა პრემიერ-მინისტრს. ყველა ეს შეკითხვა საჭიროებს უსწრაფეს პასუხს",- აცხადებს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
აღნიშნულის შემდეგ, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ.
ირაკლი ღარიბასვილის მიერ მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.
განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმაც და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
სტრატკომის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე იმყოფება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press