Foto

მდინარაძე ღარიბაშვილზე - ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს

ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხალხს ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის "გამოსვლა ეამაყება".

"იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის და ნებისმიერ ქართველს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, პრემიერის იმდღევანდელი გამოსვლა ბორელთან კონფერენციაზე? იმიტომ, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში, რომ თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს.

დარბაზში მოსულ ხალხს კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად და არა ქვემოდან ელაპარაკა, თუნდაც ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს  7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართა.