Foto

12-დან სრულად შესრულებულია 1, შესასრულებელია 2 პირობა - EU-ის რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? - ამ სახელწოდებით, "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით 6 შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

"ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს.

მანამდე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადეს ბოლო შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. რიგით მეექვსე სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.

ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. მანამდე კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია",- აცხადებენ ორგანიზაციები.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.