Foto

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფინედუს მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართა.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.

ფოტოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და მასში 100-მდე ფოტონაშრომი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ჟიურის წევრების მიერ 20 ფინალისტი შეირჩა. 17 სექტემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე კი, კონკურსანტებს საკუთარი ნამუშევრების პირადად წარდგენის საშუალება მიეცათ.

კონკურსის ყველა ფინალისტს, ბაზისბანკისგან ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ფინალისტები სპეციალური სერტიფიკატებით, ხოლო გამარჯვებული ექვსეული კი, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბაზისბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებისა და ფოტოკონკურსით აღინიშნა, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც მათ სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ“, - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.