Foto

კალაძე - ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ხმებით

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა, არავის მიეცემა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა.

„თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზეც იყო სუს-ის მხრიდან საუბარი, რეალობაა. არ იფიქროთ, რომ კონკრეტული დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ. მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ - მინდა, ყველამ იცოდეს, მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!“,- განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ეს ადამიანები - იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით ადასტურებენ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დაპირისპირება და ხელისუფლების დამხობა სცადონ. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც დააპირებს არაკანონიერ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლ​ის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს.

სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.