თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებისა და თავდასხმის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვენ.
როგორც დეპუტატებმა საკრებულოში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი ასევე წუხელ დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ.
„გუშინ ჩვენ ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მომსწრეები. გუშინ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების, პოლიციის, სუს-ის "ნასედკების" მონაწილეობით, ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა ამ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი - ირაკლი ეძგვერაძე.
გუშინ კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ, რომ რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც მზად არიან მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი გამოდის საკრებულოში და ითხოვს დაისაჯოს რუსეთის აგენტი „ეფესბეშნიკი“ ფარცხალაძე, რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული მმართველობა, რუსული მთავრობა, ამის გამო მზად არიან, სახლთან დახვდნენ 40-მდე სუს-ის აგენტი, სუს-ის "ნასედკა", „ქართული ოცნების“ "ტიტუშკა" და გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების და მშობლების თვალწინ. დიახ, რომ არა კახა კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალი ლაჩრები, არაადამიანები, ლაჩრები ვერ გაბედავდნენ უბრალოდ ამას.
სამწუხაროდ, არაერთი პრეცედენტია, როდესაც ხდება ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა და ამაზე არავინ, სამწუხაროდ, პასუხს არ აგებს. ჩვენ კითხვები გვაქვს როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, რადგან ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც დაიწყო საკრებულოში და კრიტიკულ აზრს მოყვა ეს ყველაფერი, ასევე გვაქვს კითხვები სუს-თან, პოლიციასთან, კახა კალაძესთან. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს არა მხოლოდ შემსრულებლები ამ ჯგუფურ თავდასხმაში, არამედ დაისაჯოს ყველა დამკვეთი და ორგანიზატორი. დამკვეთები და ორგანიზატორები უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუს-სა და პოლიციაში.
გარდა ამისა ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები. დაკავებულია ჩვენი კოლეგა ზვიად კუპრავა, დაკავებულია ასევე აბსოლუტურად უკანონოდ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდათ კითხვები მაშინ, როდესაც 40-50 ადამიანი გროვდებოდა და უკვე ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ორგანიზება თავდასხმის, სად იყო ამ დროს პოლიცია. ამიტომ, გვაქვს ეს ორი მოთხოვნა და დაუყოვნებლივ ეს ორი მოთხოვნა უნდა შესრულდეს",- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა გუშინ, 22 სექტემბერს თბილისში, გლდანში განხორციელდა.
ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა.
საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რის პასუხადაც ზარნაძემ მისი მისამართით დროშები ისროლა.
გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გუშინ შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
რაც შეეხება მელიას, დოლიძესა და კუპრავას, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა.
"დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press