Foto

კალაძე გლდანზე - ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე მელიას მხრიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს კავშირი არ აქვთ. 

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, "ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერ ნიკა მელიას მხრიდან". 

„ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. შპანას ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებში. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ შემდეგ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა, ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ  არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ „ქუჩის ბიჭობდა“ და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია. 

ნიკა მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. ის ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე. ეს არის სიმართლე და რეალობა“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, 22 სექტემბერს, თბილისში, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა.

ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა, რასაც ზარნაძე უარყოფს.

საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რის პასუხადაც ზარნაძემ მისი მისამართით დროშები ისროლა.

გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება მელიას, დოლიძესა და კუპრავას, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა.

"დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

23 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა​.