Foto

თუ ივანიშვილი დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ცუდს ვერ ვხედავ - ოდიშარია

თუ ბიძინა ივანიშვილი დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი "სამოქალაქო სექტორში დაბრუნდება, კარგი იქნება".

"ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ და იმ ადამიანებმა, ვინც არიან საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება.

მე გირჩევდით, თქვენც ჩამოყალიბდეთ. ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია, თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება. ე.ი. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, თუ როგორ არის საქმე?! ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დავუშალოთ ამ ქვეყანაში არსებობა, ეს, მე მგონი, არასამართლიანია",- უთხრა ოდიშარიამ მედიის წარმომადგენლებს.