Foto

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელოც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი სრულად აცნობიერებს აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.

"პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები.

მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო "შავ ხვრელად“  ქცევა კი, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა.

ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც. 

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).

19 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე მის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა და შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებდა.

20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყოფილი მთავარი პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტთან გადააგზავნა.

22 სექტემბერს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.