საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, მოსმენა წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდება.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
№1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით",- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.
14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.
19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press