რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული,- ამის შესახებ რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სენატის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ძლიერი და ღია მხარდამჭერია.
„ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს",- განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუმინეთი მზადაა, გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეუძლიათ განიხილონ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.
„მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში",- განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს.
„ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად",- განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press