Foto

პაპუაშვილი - დროა, EU-მა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ახლა, დროა, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

„გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისად დაფასდება. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, ვთხოვ ჩემს რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.