სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა - ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოხუმის დაცემის 30-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, "რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო".
"სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლადჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერების ოჯახის წარმატებულ წევრად გარდაქმნა. რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო.
ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და თაობათა მრავალსაუკუნოვანი ოცნების მიღწევისკენ ჩვენი სწრაფვა ძალაზე დაფუძნებული საერთაშორისო პოლიტიკის მომაკვდინებელ რეალობას შეეჯახა.
თუმცა, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა. ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, წესრიგის აღდგენა, კრიმინალსა და კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ხალხზე მზრუნველი დემოკრატიული ხელისუფლებისა და სოციალური სახელმწიფოს შექმნა, სიღარიბის შემცირება, ნატოსა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, მშვიდობის შენარჩუნება და დინამიური ეკონომიკის განვითარება.
ეს ყველაფერი გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელდა, რაც წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ბევრი სხვა ერისთვის. აღნიშნული მიღწევა და პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად, მომავალში კი, უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორებიც არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაცია.
ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ",- წერს პაპუაშვილი.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press