Foto

ზურაბიშვილი თანამდებობას და სტატუსს იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლების მიმართ საბოტაჟი განხორციელდეს - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას და სტატუსს იყენებს იმისთვის, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევით შექმნას გარკვეული უხერხულობები. ხდება თანამდებობის და სტატუსის რესურსად გამოყენება,  რომ ხელისუფლების მიმართ საბოტაჟი განხორციელდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

წამყვანის შეკითხვაზე, "რისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე", კობახიძემ თქვა, რომ "ამის ერთადერთი მიზანი მუდმივი საბოტაჟია". 

„თანამდებობა გამოიყენება როგორც რესურსი ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილებები აქვს ძალიან შეზღუდული, მას აქვს სტატუსი და ეს სტატუსი მაღალია. მას იმის გაგრძელება შეუძლია, რასაც აქამდე აკეთებს. ის თავის თანამდებობას და სტატუსს იყენებს იმისთვის, რომ თუნდაც კონსტიტუციის უხეში დარღვევით შექმნას გარკვეული უხერხულობები. ამ შემთხვევაშიც ხედავთ, რა ხდება. უხერხულობები მან უკვე შექმნა. თქვენ ნახეთ, მათ შორის, შტაინმაიერის რეაქცია იმპიჩმენტის აღძვრაზე. მას აღარ გაუპიარებია აქტიურად ის შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, ერთი პატარა ვებგვერდის ჩანაწერით შემოიფარგლა, ეს იყო და ეს და რამდენიმე ფოტო გავრცელდა.

ასევე, გახსოვთ მაკრონის რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაქსიმალურად შეეცადა, რომ  ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრისთვის, რომელიც შედგა სალომე  ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო, რომელიც შემდეგ გავრცელდა. 

ევროპელი ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ, ეს უხერხულობა ბოლომდე მაინც არ შექმნან, ანუ ნაწილობრივ მაინც დააზღვიონ, თუმცა, უხერხულობა მაინც სახეზეა იმიტომ, რომ პრეზიდენტი ყველა შემთხვევაში, როდესაც ხვდება პრეზიდენტის რანგში სხვა პრეზიდენტს, უცხო ქვეყნის პრეზიდენტს, ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამას აკეთებს კონსტიტუციის დარღვევით, რაც ბუნებრივია, ესმით შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, მათ აქვთ საამისო გამოცდილებაც, ინფორმაციაც, ცოდნაც და ანალიზის უნარიც.

აქედან გამომდინარე, ეს არის მუდმივი მიზანი. აქაც კანდიდატის თემას უკავშირებენ, ესეც არ არის შემთხვევითი. თქვენ იცით, რომ არის მუდმივი საუბრები, რომ არა საქართველოს ხელისუფლება, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არამედ ხელხი მიიღებს კანდიდატის სტატუსს და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს ხალხის ნებას და არა ხალხის მიერ ამ მანდატით არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ა.შ. რეალურად ხდება თანამდებობის და სტატუსის რესურსად გამოყენება, იმისთვის, რომ ხელისუფლების მიმართ რაღაცნაირად საბოტაჟი განხორციელდეს.

პრეზიდენტი კიდევ უფრო მაღალი სტატუსია. ნინო ლომჯარია, რომელიც იყო სახალხო დამცველი, ყველაფერს აკეთებდა გარდა იმ უფლებამოსილებისა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, ანუ მთლიანად პოლიტიკაში იყო შესული. არცერთ პატიმართან არ შესულა პრაქტიკულად, ერთადერთი, ვისთანაც შედიოდა, იყო მიხეილ სააკაშვილი. ესეც იყო პოლიტიკური აქტი და არა სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების აქტი. მთლიანად იყო თავიდან ბოლომდე  შესული პოლიტიკაში და ამასაც ავალებდნენ ზუსტად იგივე ადამიანები, ვინც ახლა დავალებებს გასცემს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ არის გარკვეული სტატუსი, სახალხო დამცველიც ოფიციალურად წარმოადგენს ხელისუფლებას გარკვეული ფორმით, მას აქვს შესაბამისი კონსტიტუციური სტატუსი. ამ რესურსის გამოყენება ხდებოდა თავის დროზე ნინო ლომჯარიას სახით, როდესაც ის შეიყვანეს პოლიტიკაში ისეთი თანამდებობიდან, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირი, უშუალო ფორმით პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ისინი იყენებენ პრეზიდენტის სტატუსს, რომელიც კონსტიტუციურად მართალია სიმბოლურია, მაგრამ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იგივე სახალხო დამცველის სტატუსი. ანუ, საბოტაჟისთვის ხდება თანამდებობის რესურსად გამოყენება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.