Foto

ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ლიეტუვაში ჩამოვსულიყავი, მაგრამ ხალხმა მომანიჭა მანდატი და ეს უნდა გამეკეთებინა - ზურაბიშვილი

ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ლიეტუვაში ჩამოვსულიყავი, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით, მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა მომანიჭა მანდატი და ეს უნდა გამეკეთებინა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე იყო თუ არა შეთანხმებული მისი ვიზიტი მთავრობასთან, პრეზიდენტმა თქვა:

"ცხადია, თქვენ, ალბათ, წინასწარ იცით, რომ არა, ეს ვიზიტი არ იყო საქართველოს მთავრობის მიერ დადასტურებული ჩემი გაგების მიღმა არსებული მიზეზებით. ვფიქრობ, ახლა ყველამ, პარლამენტმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა, უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს, რათა დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ აუცილებელია, კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წელს მივიღოთ. ვცდილობ, ეს ყველაფერი გავაკეთო.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, თუმცა ოფიციალურად მე არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხალხმა მომანიჭა მანდატი და შესაბამისად ვმოქმედებ",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან შეკითხვაზე, "პარლამენტი იწყებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტს ევროპაში ვიზიტების გამო, რომელიც მთავრობასთან არ იყო კოორდინირებული. როგორ ახსნით ამ სიტუაციას?", სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„არ შემიძლია ამის ახსნა. ეს შეუძლია მხოლოდ მათ, ვინც ეს დაიწყო. იმპიჩმენტის პროცედურა ხშირად იწყება ძალიან მძიმე დანაშაულისთვის - სახელმწიფო ღალატისთვის ან მსგავსისთვის. ამ შემთხვევაში, არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი თავის საქმეს ასრულებს და ცდილობს, ქვეყანა იმ გზაზე დააყენოს, რომელზეც ის უნდა იყოს, კერძოდ კი – ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო თანმიმდევრულად მუშაობდა ამ საკითხზე დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან. ეს ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის იმედი, ამას მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი. ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებულა“,- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, 26 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.