Foto

იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციოში ჩამოსასვლელად - კობახიძე ზურაბიშვილზე

პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის გაეცნო სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიციას, რომელიც "აბსოლუტურად არასერიოზულია".

"კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი... შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას? მთავრობის გადადგომას და პარლამენტის მიმართ ჰქონდათ შენიშვნები და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებელი არ არის და თუ არ არის, პასუხისმგებელი რას დადის?...

არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების "გადაქაჩვას." ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. გლობალურ ომის პარტიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დეტალებში არ მინდა შევიდე",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფება წარდგინების ავტორთა ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.