Foto

სომხეთის პარლამენტმა ICC-ის რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას newsarmenia ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 22 წავიდა.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული, ვინაიდან 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. ამასთან, 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად, ხოლო 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ორმხრივი ურთიერთობებისთვის ნეგატიური შედეგები ექნება.