Foto

აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა - კალაძე რუსულ ბაზაზე

აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა.

„არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.