საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უდროოა და ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, აღნიშნული პროცესის დაწყება მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს.
"საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე პროცესის შედეგებს ველოდებით, რადგან სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუმცა, თუ მეკითხებით, ეხმარება თუ არა ეს იმპიჩმენტის პროცესი დეპოლარიზაციას, გეტყვით, რომ არა, არ ეხმარება და სამწუხაროდ, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.
გარდა ამისა, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. ასე რომ, დეპოლარიზაციას ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ უწყობს ხელს, რაც ნიშნავს, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო და ეს ევროკავშირია უმაღლესმა წარმომადგენელმაც აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, "საქართველოდან ცუდი სიგნალები მოდის", რომლებიც ევროკავშირის 2 პრიორიტეტის შესრულებას ხელს არ უწყობს.
"მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შესრულებულა. თუ თქვენ მკითხავთ ჩემი პოზიციის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული.
ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მეორე მხრივ კი, კვლავ გვესმის საქართველოდან წამოსული შერეული სიგნალები. გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რომელიც ცალსახად არ უწყობს ხელს ნომერ პირველ პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას.
არსებობს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც არ უწყობს ხელს რიგით მეორე რეკომენდაციის შესრულებას. კვლავ არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს",- დასძინა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press