Foto

კარვების გაშლა არ იკრძალება - პოლიცია შეაფასებს, როდის უნდა გაიშალოს და როდის არა - ირაკლი კობახიძე

მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონით პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა.

"მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ.

ყველა თვალსაზრისით, ეს კანონი არის სრულად თავსებადი როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ, 5 ოქტომბერს დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".