Foto

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილმა დაშავებულთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია. 

ამ დრომდე ათობით ადამიანი უზგო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, სავარაუდოა, რომ მათი დიდი ნაწილი "ჰამასის" წევრებმა ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში, "ჰამასის" დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 313 პალესტინელი ემსხვერპლა.