Foto

მილერი - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, აშშ ისრაელში მყოფ პარტნიორებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.

"ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია აშშ-ის 9 მოქალაქის გარდაცვალება დავადასტუროთ. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და კავშირს ისრაელში მყოფ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

დღეს, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

დღესვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.