Foto

საფრანგეთის საგარეო - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში ჩვენი 2 მოქალაქე დაიღუპა

"ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთის საელჩო მათი ორი მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საფრანგეთი მწუხარებას გამოთქვამს "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის ორი მოქალაქის ტრაგიკული გარდაცვალების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

დღეს, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

დღესვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.