Foto

უნგრეთის პრემიერი - სამართლიანია, რომ საქართველოს მიენიჭოს EU-სთან დაახლოების საშუალება - ეს ევროპის ინტერესებშიცაა

სამართლიანია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ევროპის ინტერესებშიც,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ორბანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირს აქვს ინტერესი, კავკასიას საქართველოს საშუალებით დაუკავშირდეს.

"ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში. მე მახსოვს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს. ეს არის 2 000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი...

საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს აქვს ინტერესები, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს - საუკეთესო გამოსავალია, რომ დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ამიტომ, ძალიან გაბრაზებულებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ ფონზე, როდესაც სტატუსი მიიღეს ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით.

ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია. თუ ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია, ის, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე",- განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ, 11 ოქტომბერს ეწვია.