Foto

რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე - კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "პრეზიდენტმა კონსტიტუცია ოპოზიციის იმედად დაარღვია"

"ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს კულუარებში მეტი ხმის მობილიზებას; ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება...

მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული. უნდა თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს. ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. მათ სჭირდებათ მათი პარტნიორის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს",- აცხადებს კობახიძე. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღეს, 13 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს.