Foto

ჩიქოვანი - არ ვიცი რას გულისხმობდა ზელენსკი, საქართველოს პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

ჩიქოვანის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა ზელენსკი, თუმცა, საქართველოს ერთი პოზიცია აქვს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას გულისხმობს.

„ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში რას გულისხმობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ძალიან ბევრი სპეკულაცია ყოფილა, მათ შორის, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიცია არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ მშვიდობიანი გზით და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს“, - განუცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.