Foto

როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია - კობახიძე პრეზიდენტზე

შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის "ეშინია".

"საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად. მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, მაგრამ რატომ არ აფინანსებდა ის ბიუჯეტიდან არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო  ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. და ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასცემდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.