Foto

ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დავუშვით - BBC-ის დირექტორის მოადგილე

BBC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯონათან მანრო აცხადებს, რომ ღაზას სექტორში, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დაუშვეს.
 
მანროს თქმით, აფეთქების შესახებ პირდაპირი რეპორტაჟის დროს მაუწყებლის "ენა სწორი არ იყო", რაც გამოიხატა იმით, რომ BBC-ის კორესპონდენტმა, ჯონ დონისონმა მაყურებელს მიანიშნა, რომ საავადმყოფოში აფეთქება ისრაელის თავდასხმის შედეგად მოხდა. 

აღსანიშნავია, რომ BBC-ის განცხადება მოჰყვა ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, BBC "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს. ჰერცოგმა ისრაელში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უთხრა, რომ "ეს ფაქტების დამახინჯებაა".

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მაუწყებლებს მოუწოდა სიზუსტისკენ, რადგან მათ "გავლენა აქვთ როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში".

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში მდებარე ალ-აჰლის ბატისტურ საავადმყოფოში აფეთქება 17 ოქტომბერს მოხდა. "ჰამასმა" მომხდარში, რომელსაც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ისრაელი დაადანაშაულა. 

აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნა ვიდეოკადრები და თქვა, რომ საავადმყოფოს აფეთქება "ისლამური ჯიჰადის" მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია.