Foto

ვისთანაც გინდა, დავდოთ ხელშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს - ფრიდონ ინჯია

ვისთანაც გინდა, დავდოთ ხელშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს - აბსოლუტურად ყველასთან, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრა და სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს "დიდი კაცი" უწოდა.

"ჩემი კოლეგები ამბობენ - ვშორდებით ევროპას. იცით რა, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ვშორდებით - რატომ უნდა დავშორდეთ? ვიყოთ, როგორც ვართ, მაგრამ იქ, სადაც ჩვენთვის უფრო მისაღებია, უფრო საინტერესო და უფრო მომგებიანია, იქ გავაქტიურდეთ... კოსტიტუციაში არ წერია, რომ ეს იყოს სტრატეგიული პარტნიორი და ის - არა. ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. რაც მისაღებია ჩემი ქვეყნისთვის - აი, იქ მე უნდა ვითანამშრომლო და ყველაფერი გავაკეთო - სადაც მოგებას ნახავს საქართველო, საქართველოს ხალხი; დაბრუნდებიან ჩვენი ლტოლვილები, ისეთი ცხოვრება გვექნება; ბუნება და ფაუნა გადარჩება - ეს არის საქართველოს გადარჩენა - სხვა შემთხვევაში, საქართველო გაქრება - მე ამის წინააღმდეგი ვარ...

დაფიქრდით, 2-3 თვის უკან, როგორ ჩადიოდნენ ჩინეთში ევროსაბჭოს, ევროპის ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები და როგორ იღებდნენ მათ და როგორ მიიღო მეორე ქვეყანამ კი არა პირველმა ქვეყანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ეს პატივისცემა იყო საქართველოს ხალხის; ეს პატივისცემა იყო ჩვენი ხელისუფლების. აი, ხომ ნახა იმ დიდმა კაცმა - დიდი კაცია სი ძინპინი, რომ ეს ქვეყანა და ეს ხელისუფლება საინტერესოა და მე დავხვდებიო. იმას არ უთხრეს - ჩამოდის ბორელი და დახვდიო?! - არა! მან ეს ასე გააკეთა... იმათაც უნდოდათ ასე, მაგრამ დადგა [სი ძინპინი] და ხელი შორიდან ჩამოართვა. ასე რომ, ვიფიქროთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ვისთანაც გინდათ, დავდოთ ხეშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს - აბსოლუტურად ყველასთან",- თქვა ინჯიამ.