Foto

ბერბოკი - თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ავიცილებთ

ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზიდან ტერორიზმი გაგრძელდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება და აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს".

"ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზიდან ტერორიზმი გაგრძელდება. ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ჩვენ გვჭირდება გზა ხვალინდელი დღისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ღაზაში მშვიდობა და უსაფრთხოება დადგეს. ევროკავშირისა და გერმანიისთვის ცხადია, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, ტერორიზმისგან და ადამიანური ტრაგედიისგან თავისუფლად მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს.