Foto

„ჰამასმა“ კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 2 ისრაელის მოქალაქე - 79 წლის ნურით კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი გაათავისუფლა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს წითელი ჯვარი და სოციალურ ქსელში წერს, რომ გათავისუფლებულებმა ღაზას სექტორი უკვე დატოვეს.

"ჩვენ ხელი შევუწყეთ კიდევ 2 მძევლის გათავისუფლებას. ჩვენი, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი, შესაძლებელს ხდის ამ სამუშაოს და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომავალშიც მძევლების გათავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მალე დაბრუნდებიან საყვარელ ადამიანებთან",- ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში. 

The Times of Israel-ის ცნობით, ნურით კუპერი და იოჩევედ ლიფშიცი ტერორისტებმა კიბუც ნირ-ოზიდან გაიტაცეს. მათი ქმრები ამ დრომდე ღაზას სექტორში რჩებიან.

შეგახსენებთ, მანამდე, 20 ოქტომბერს, "ჰამასმა" ასევე გაათავისუფლა 2 ტყვე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დედა-შვილი - ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ დატყვევებული, დაახლოებით, 220 ადამიანი იმყოფება.

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. 

7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. რაც შეეხება მსხვერპლს, როგორც ისრაელის, ისე ღაზას ტეროტორიაზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.