Foto

წითლიძე - კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის

საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი ისტორიული თვითმიზანი არის, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლების და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს რუსული ოცნების მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა, ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი  საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა არის  რეგიონში უსაფრთხოების გარანტი.

„ევროპას და აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სჭირდებათ ძლიერი საქართველო, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება მისი თანაბარი და სრულფასოვანი პარტნიორი",- ამბობს წითლიძე.