Foto

დარჩიაშვილი, ბერბოკის მიწვევით, EU-ის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხვალ, 2 ნოემბერს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში - Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession.

"საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება.

ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტრეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა, ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.