Foto

ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება

მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს "ვიზუალის მიხედვით" არ იღებს.

"ბატონი გვარამიას მხრიდან, რატომ არის ეს საკითხი აქტუალური, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ასევე, პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარიც ჩემთვის არ იქნება მარტივი, თუმცა მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები - "არა და არასდროს"...

ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ, 31 ოქტომბერს "მთავარი არხის" დაფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.