Foto

ჰერცოგი - „ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს. 

ჰერცოგმა, რომელმაც ოთხშაბათს, საღამოს მოსახლეობას მიმართა, ისრაელის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მტერი ცდილობს ჩვენში სიძულვილის გაღვივებას - ებრაელ მოქალაქეებსა და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთ მცდელობებს უნდა ებრძოლო უკომპრომისოდ და ცალსახად. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერება ჩვენში არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“,- განაცხადა ჰერცოგმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოსახლეობის მნიშვნელობას და ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებაც ისაუბრა.

„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, გატეხონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას“,- თქვა ჰერცოგმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვებასა და ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოების აღდგენასთან ერთად, ისრაელისთვის პრიორიტეტად "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება რჩება.