Foto

საჭიროა პაუზა - ბაიდენი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტი უნდა დაპაუზდეს იმისთვის, რომ მძევლების გათავისუფლება მოხდეს. 

როგორც BBC წერს, ამის შესახებ ბაიდენმა მინესოტაში გამართული საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც აუდიტორიაში მყოფმა ქალმა პრეზიდენტს მიმართა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

"ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, რომ დრო დავუთმოთ მძევლების გამოყვანას",- თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის "წარმოუდგენლად რთულია".

”მე მხარი დავუჭირე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას. საქმე ის არის, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა",- აღნიშნა ბაიდენმა.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და 240 მძევლის გათავისუფლებას, რომლებიც ღაზას სექტორში, "ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.