Foto

პაპუაშვილი - გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას

კირბალთან მომხდარ ფაქტზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ველოდებით შეფასებებს და რეაქციებს, ისევე დამნაშავეების დასჯას, მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება.

"ჩვენ ველოდებით ამაზე რეაქციებს, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე შესაბამისად, დამნაშავეების დასჯას და მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური. რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც არა მხოლოდ და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ეხება ყოველდღიური საფრთხე, მათი სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის არის მთლიანად სახელმწიფოს წინაშე გამოწვევა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება.

2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი ფაქტი იმის დასტურია, რომ მშვიდობისთვის ყოველდღიური საფრთხე არსებობს, რისთვისაც გონივრული პოლიტიკაა მნიშვნელოვანი.

"გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ზუსტადაც ეს ფაქტი არის დასტური, რომ გვაქვს გამოწვევები ოკუპაციის სახით. არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი მშვიდობისთვის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორედაც გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს, პირიქით, ადასტურებს იმას, თუ რამდენად მყიფე არის მდგომარეობა უსაფრთხოების მხრივ საქართველოში და რამდენად 100-ჯერ დაფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სხვადასხვა დროს.

ზოგადად, რთულია ხოლმე განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც დატოვა წინა ხელისუფლებამ ოკუპაციის სახით. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, რომ გამოწვევები, რაც არსებობს უსაფრთხოების მხრივ, არ მოხდეს ამის რეალიზება. მთავარი პოლიტიკა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, არის ის, რომ საფრთხეები არის სერიოზული. ჩვენ ამაზე, მათ შორის, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ჩვენთან და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი - ერთი, რომ მათ შორის, ყველა მოქალაქემ თვალი გაუსწოროს იმ უსაფრთხოების რისკებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მეორე - ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს. მთავარი არსი პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა არის, რომ სწორად შევაფასოთ რისკები და რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ სხვადასხვა ინსტრუმენტით. ეს ინსტრუმენტები არის როგორც ჩვენს ხელში, ქვეყნის შიგნით, ისე ეს არის საერთაშორისო ზეწოლა. ამიტომ, სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით არის, რომ საქართველო ბოლო წლებში, 10 წელზე მეტია, ინარჩუნებს მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკები და სწორედ ამ რისკების რეალიზებას უშლის ხელს", - დასძინა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.