Foto

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი ისრაელის დახმარების შესახებ, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "დემოკრატებმა" დაბლოკეს "რესპუბლიკელების" მცდელობა, მიეღოთ კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა ამავე კანონპროექტში არაფერი იყო ნათქვამი რუსეთთან ომში უკრაინის დახმარებაზე. ამის შესახებ BBC წერს.

"დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისრაელის დახმარების გარდა, მნიშვნელოვანია, აშშ-მა არ დაივიწყოს უკრაინა.

”ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც ჩვენს მოკავშირეებს ისრაელში",- თქვა სენატის ვეტერანების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პატი მიურეიმ.

"რესპუბლიკელებს" კი მიაჩნიათ, რომ ისრაელისთვის დახმარების გაწევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და "არც ერთი დღით არ უნდა დაგვიანდეს".

"დრო არის არსებითი და აუცილებელია, რომ სენატმა არც ერთი დღით არ დააყოვნოს ამ კრიტიკული დახმარების გაწევა ისრაელისთვის",- განაცხადა "რესპუბლიკელმა" სენატორმა, როჯერ მარშალმა კენჭისყრის დაწყების წინ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას მიიღო. "დემოკრატებმა" მაშინვე განაცხადეს, რომ მას სენატი მხარს არ დაუჭერდა.

კანონპროექტი რომ კანონად ქცეულიყო, სენატში დამტკიცების შემდეგ, მასზე ხელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა მოეწერა, თუმცა თავიდან ცნობილი იყო ბაიდენის პოზიცია, რომ თუ კანონპროექტი "მის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა", ვეტოს დაადებდა.