Foto

ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზას შუაგულში იმყოფებიან - გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზას შუაგულში იმყოფებიან. 

გალანტის თქმით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯარებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი და "მოქმედებდნენ".

ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა - "გთხოვთ, წახვიდეთ სამხრეთით".

პრემიერ-მინისტრის მიერ ორშაბათს გაკეთებული კომენტარები, როდესაც მან თქვა, რომ ომის შემდეგ ისრაელი აიღებს "საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობას" ღაზას სექტორზე, სამშაბათს, მისი ომის კაბინეტის წევრმა განმარტა.

როგორც სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა BBC-ის მსოფლიო სერვისს Newshour-ს უთხრა, ნეთანიაჰუ გულისხმობდა, რომ ისრაელი უზრუნველყოფდა ანკლავის დემილიტარიზებულ ზონად დარჩენას და არ დაიკავებდა და არ მართავდა ტერიტორიას. 

ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ია, 200-ზე მეტი კი, "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.