Foto

პრეზიდენტი - რუსეთმა, როგორც მას სჩვევია ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი გაიტაცა - ეს გამუდმებით ხდება

რუსეთმა, როგორც მას დიდი ხანია სჩვევია, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზებულ ხაზზე ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი ტყვედ აიყვანა და ეს არის ის, რაც გამუდმებით ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, "მშვიდობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც უსაფრთხოების გარანტია. 

"ორი დღის წინ, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. შემდეგ დღეს გავრცელდა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს, რაც მანამდე არსებულ 80%-ზე მეტია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგრამ, საინტერესო არის ის, რომ 75%-ი ევროკავშირს უსაფრთხოების გამო უჭერს მხარს.

ეს უფრო აშკარაა იმის ფონზე, რომ წინა დღეს, რუსეთმა, როგორც მას დიდი ხანია სჩვევია, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზებულ ხაზზე ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი ტყვედ აიყვანა და ეს არის ის, რაც გამუდმებით ხდება. მათ სურთ აფხაზეთის აეროპორტის აღდგენა და ამავდროულად, შავ ზღვაში ერთ-ერთი პორტის საკუთარ სამხედრო ბაზად გადაკეთების პროცესში არიან. შესაბამისად, ეს არის რუსეთი, ხოლო იმედი არის ევროკავშირში. უდავოა, რომ ქართველების თვალში, ევროკავშირი დანახულია როგორც ადგილი, სადაც საბოლოოდ ხარ დაცული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.