თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყვნენ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას, ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, საქართველოსთვის "იარაღი უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადებაა".
"მე მინდა შევეხო ერთ სულისშემძვრელ ამბავს, რომელიც ამ დღეებში მოხდა. ვიცით, რომ მოკლეს საქართველოს მოქალაქე, კარგი ადამიანი და ერთი რამე მინდა ვთქვა - ეს ხომ უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ მე ამაში სხვა რაღაცასაც ვხედავ. ჩემთვის ეს უბრალოდ ტრაგედია არ არის, როგორც გითხარით, აბსოლუტურად სხვა რამეს ვხედავ და მინდა, ჩემი შეხედულება გაგაცნოთ ამასთან დაკავშირებით.
შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. მე ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, ამ სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას და ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო - მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? - იყო შაჰ-აბასი - 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალ-ედ-დინი - 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი.
ამ ადამიანმა რა გააკეთა - არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც ის აღზარდა - ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა...
ამან დაგვანახა, რომ შენი მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, ისევ უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა. ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ, სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ, მტერი ისე არ დამარცხდება. ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ, ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ისე უნდა ვიცხოვროთ, თვითონ მოუნდებათ ისევ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ, ასეთ ამბებზე უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს",- თქვა მეუფე იაკობმა და ევროკომიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემასაც გამოეხმაურა.
"ეს მკვლელობა როდის ხდება? - რამდენიმე დღეში... მე აგვისტოს დასაწყისში ნათქვამი მქონდა, რომ გარკვეული დათქმებით მოგცემდნენ კანდიდატობას, თუმცა ჩვენთან, ბევრი, პოლიტიკოსი რომ ჰქვია, იხტიბარს არ იტეხენ და არ ვიცი, იქით რომ მიდიან, ვის ელაპარაკებიან. ეტყობა, გადაწყვეტილების მიმღებ ხალხთან ურთიერთობა არ აქვთ და არ იციან ხოლმე, რა ხდება პოლიტიკაში. ოკუპანტი შეეცადა, რომ გავემწარებინეთ...
თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყვნენ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ 6 ნოემბერს მოკლეს. გინტური სამხედრო პატივით გუშინ, 11 ნოემბერს დაკრძალეს.
6 ნოემბერს, ოკუპანტებმა გინტურთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობიდან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გათავისუფლდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press